პარლამენტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობას იწყებს
საქართველოს პარლამენტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობას იწყებს. ამ მიზნით, დღეს ჩანიშნულია საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მიმართვაზე იმსჯელებენ.
კერძოდ, დღის წესრიგში აღნიშნულია, რომ კომიტეტი განიხილავს ირმა ინაშვილისთვის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს. საკითხზე მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილია.
პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით ასევე მიმართეს: „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ლელომ“, „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებულმა ოპოზიციამ“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და ზურაბ ჯაფარიძემ. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტისთვის არ მიუმართავთ პარტია „მოქალაქეებსა“ და „გირჩის“ სამ წევრს.
რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს“, საპარლამენტო არჩევნების შედეგად მეათე მოწვევის პარლამენტში პარტიამ ოთხი მანდატი მოიპოვა. ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით მიმართეს, თუმცა, „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს სადეპუტატო უფლებოსილებაზე უარის თქმას და პარლამენტში შესვლას გეგმავს.
გუშინ ასევე ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანმა. ცესკო-ს ვებგვერდზე 31 დეკემბერს გამოქვეყნებული განკარგულებით ირკვევა, რომ დავით ზილფიმიანსა და „პატრიოტთა ალიანსის“ სიის კიდევ ორ წევრს, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძეს სიიდან ჩახსნის თაობაზე ცესკო-სთვის არ მიუმართავთ.