პარლამენტს ოპოზიციის რიგებიდან ვიცე-სპიკერის არჩევა მოუწევს. ვიცე-სპიკერის პოსტს ლევან იოსელიანი იკავებდა, რომელიც პარლამენტმა სახალხო დამცველად აირჩია. ლევან იოსელიანი ამ თანამდებობას სწორედ ოპოზიციის კვოტით იკავებდა.
რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტის თავმჯდომარის თითო მოადგილე აირჩევა საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი იმ ორი ფრაქციის წარდგინებით, რომლებშიც ოპოზიციაში შემავალ სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. თუ შესაბამისი ფრაქცია/ფრაქციები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატს არ წარადგენს/წარადგენენ, კანდიდატის წარდგენის უფლება თანმიმდევრობით მიენიჭებათ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ იმ ფრაქციებს, რომლებშიც სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. ფრაქციების წევრთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ ფრაქციას, რომლის პარტიამაც პარლამენტის არჩევნებში მეტი ხმა მიიღო.
დღეის მდგომარეობის გათვალისწინებით, ყველაზე მეტი ოპოზიციონერი „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის გაწევრიანებული.