პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭს დღეს უყრის
საქართველოს პარლამენტი დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს. რიგგარეშე სესია ქუთაისის პარლამენტში 12:00 საათიდან დაიწყება.
სესიის გამართვასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება, ბიუროს წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 20 დეკემბერს გააცნო.
პროცედურის მიხედვით, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე წარდგება და სამთავრობო პროგრამაზე ისაუბრებს, რის შემდეგაც პარლამენტის წევრებს გიორგი კვირიკაშვილისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა ექნებათ.
ამის შემდეგ იქნება კომიტეტების, ასევე პარლამენტის წევრთა ინდივიდუალური გამოსვლები, უმრავლესობისა და უმცირესობის ფრაქციების გამოსვლები.
ბოლოს, პრემიერს ექნება შესაძლებლობა, დასკვნითი სიტყვით მიმართოს პარლამენტს.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე, ფრაქციების ფორმატში, უმრავლესობასა და უმცირესობასთან შეხვედრაზე 20 დეკემბერს მოუსმინეს.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის მომავალი სამოქმედო გეგმა წარადგინა, სადაც აქცენტები ეკონომიკურ განვითარებაზე, საგარეო ურთიერთობებსა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით დაგეგმილ ნაბიჯებზე გააკეთა.
ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება მთავრობის სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში მიღებული ცვლილებების შედეგად გახდა საჭირო.