პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურებს სავარაუდოდ, 20 დეკემბერს საკომიტეტო მოსმენებით დაიწყებს
მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების პროცედურებს პარლამენტი 20 დეკემბერს საკომიტეტო მოსმენებით დაიწყებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში, ბიუროს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტი შეხვედრებს ასევე უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატშიც გამართავს.
„დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ჩვენ გრაფიკს დავამტკიცებთ. გრაფიკის მიხედვით, სავარაუდოდ, ოთხშაბათს ჩვენ საკომიტეტო მოსმენები გვექნება. მინისტრები ასევე უმრავლესობას, უმცირესობასა და ოპოზიციურ ფრაქციებს შეხვდებიან. შემდეგი დღეების განმავლობაში, უმრავლესობა, საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობას ნდობას გამოუცხადებს, რომელიც პრემიერ კვირიკაშვილის მიერ იქნება წარმოდგენილი. „ქართული ოცნების“ გუნდი ერთიანი და ძლიერია. გუნდი, რომელიც საერთო ხედვითა და იდეებით წარდგება ხოლმე თავისი გადაწყვეტილებებით საზოგადოების წინაშე. ბუნებრივია, პარლამენტის როლი, მისი მაკონტროლებელი ფუნქცია კიდევ უფრო გამოკვეთილი უნდა იყოს, რადგან საკანონმდებლოს ფუნქციის გარდა ეს ფუნქციაც გააჩნია. ხშირად მთავრობა თავს ვალდებულად თვლის, რომ პარლამენტს თავისი საქმიანობის შესახებ მოახსენოს. თუ ეს მომენტი კიდევ უფრო დახვეწილი და გაძლიერებული იქნება, ეს ქვეყანას მხოლოდ წაადგება“, – განაცხადა მდინარაძემ.