პარლამენტი მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავს
პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავს. როგორც ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ განუცხადა, აღნიშნული ცვლილებების მთავარ მიზანს ეფექტური მცირე მთავრობის ჩამოყალიბება წარმოადგენს.
“რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, საბოლოოდ ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც რეორგანიზაცია სრულად განხორციელდება. ამისთვის კანონმდებლობით სამი თვეა გათვალისწინებული”, – განაცხადა თადუმაძემ.
პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით მიმდინარე კვირის ბოლომდე მიიღებს, რომელიც ცვლილებების განხორციელებას 99 კანონში ითვალისწინებს.
მას შემდეგ, რაც პარლამენტი ცვლილებებს დაამტკიცებს, საკანონმდებლო ორგანო უფლებამოსილი იქნება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელოს. არსებული ინფორმაციით, მთავრობა მხარდაჭერის მიღებისთვის პარლამენტში დეკემბრის ბოლომდე წარსდგება.