საქართველოს პარლამენტი დღეს მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭს უყრის. სესიამდე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრობის კანდიდატები ფრაქციის ფორმატში „ქართულ ოცნებას“ შეხვდებიან. ოპოზიციის წარმომადგენლებმა უარი თქვეს ფრაქციის ფორმატში მთავრობის ახალ შემადგენლობასთან შეხვედრაზე. საპარლამენტო უმცირესობის თქმით, შეკითხვებს სესიაზე დასვამენ.
მანამდე, საკანონმდებლო ორგანომ მინისტრობის კანდიდატებს ორი დღის განმავლობაში, დაჩქარებული წესით მოუსმინა. გუშინ დეპუტატების წინაშე ექვსი კანდიდატი წარდგა, მათ შორის, ძალოვანი უწყებების პირველი პირები. პროგრამის გასაცნობად, კანდიდატებს 20-20 წუთი ჰქონდათ, შემდეგ იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი.
„წინა ორი დღე – შაბათი და კვირა გამოყენებულ იქნა კომიტეტების მიერ მინისტრობის კანდიდატებისა და სამთავრობო პროგრამის განსახილველად. ბლოკების მიხედვით იყო დაჯგუფებული სამინისტროები და შესაბამისი კომიტეტები. დასრულდა ეს მოსმენები კომიტეტებში, კომიტეტებისგან მიღებულ იქნა დადებითი თანხმობები, ხოლო დღეს დილიდან გაიმართება უკვე ფრაქციის შეხვედრა პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებთან. ამის შემდეგ, ბიუროზე მოხდება ამ კომიტეტის გადაწყვეტილებების ინიცირება და უკვე სესიაზე, რომელიც დღესვე გაიმართება, დადგება პრემიერ-მინისტრისთვის და სამთავრობო გეგმისთვის მხარდაჭერის საკითხი. მოგეხსენებათ, უმრავლესობა მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და მთავრობის პროგრამას. ფაქტობრივად, ეს პროგრამა გარკვეულწილად იმ ძირითადი ხაზის გაგრძელებაა, რაც სულ რაღაც სამი თვის წინ იქნა მიღებული და დამტკიცებული. მთავარი მიმართულებაა ევროპული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობა და განაცხადის გაკეთება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ამ პროგრამის მთავარი სულისკვეთებაა. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, ახალ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს აქვს თავისი გარკვეული ხედვები, მაგრამ ძირითადი ხაზი არის უცვლელი“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
სამთავრობო გუნდში ორი ახალი სახეა – თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ჯუანშერ ბურჭულაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ქარსელაძე. ნდობის მისაღებად, მთავრობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.