მეცხრე მოწვევის პარლამენტის რიგით მეორე საგაზაფხულო სესია მიმდინარე კვირაში დაიხურება.
რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება. შესაბამისად, საგაზაფხულო სესია 29 ივნისს დაიხურება.
საგაზაფხულო სესიის დახურვის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანო საქმიანობას რიგგარეშე სხდომების ფორმატში გააგრძელებს და არ არის გამორიცხული, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს რიგგარეშე სხდომების მოწვევა ივლისის ბოლომდე სთხოვონ, რადგან პარლამენტს ბევრი საკანონმდებლო და საკადრო ცვლილება აქვს მისაღები. კერძოდ, პარლამენტს მოუწევს, როგორც ახალი მთავარი პროკურორის არჩევა, ასევე სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის მოსმენა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის განხილვა.
ამასთან, პარლამენტში მიმდინარე კვირაში მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები შევა, რისი მიღების შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ მთავრობის განახლებული შემადგენლობა ნდობის მისაღებად გამოცხადდება.
მთავრობის დამტკიცების გარდა, პარლამენტს განსახილველი აქვს რეგლამენტის ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, საპარლამენტო კონტროლი ძლიერდება და საკანონმდებლო პროცედურები იხვეწება.
ასევე, დეპუტატებს მსჯელობა მოუწევთ ათობით საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარეობს და, რომელთა შორისაა საქართველოს მოქალაქეობის მიღება-დაკარგვასთან დაკავშირებული საკითხები.
გარდა ამისა, პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზებასთან დაკავშირებითაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილეს და საკითხის პირველი მოსმენით სესიაზე გატანამდე, კომიტეტის კიდევ ერთი სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც მმართველი გუნდი შეჯერებულ საკანონმდებლო პაკეტს წარადგენს.
საქმიანობის რიგგარეშე ფორმატში დასრულების შემდეგ დეპუტატები შვებულებაში გავლენ. საშემოდგომო სესია კი, რეგლამენტის გათვალისწინებით, სექტემბრის პირველ სამშაბათს გაიხსნება.