პარლამენტი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იმსჯელებს
პარლამენტი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იმსჯელებს. ამის შესახებ ცნობილი დღევანდელ ბიუროს სხდომაზე გახდა.
როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე აუცილებელია, რომ საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
„საქმის ვითარება ისეთია, რომ პროკურატურის, გამოძიების მიმართ არის ბევრი კითხვა. რომელიც დაუგროვდა მოკლულის მშობლებს, რომელიც აქვს საზოგადოებას და არის დიდი უკმაყოფილება. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ საკმაოდ დისტანცირებული ვიყავით ამ პროცესიდან. ჩვენ მართლაც გვქონდა იმედი, რომ ამ შემთხვევაში პროკურატურა ადექვატურად იმოქმედებდა, მაგრამ არსებობს ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. იმისთვის, რომ პროკურატურამ ანგარიშვალდებულად იგრძნოს თავი, იმისათვის, რომ ჩვენ დავაკვირდეთ მოვლენებს, უნდა იყოს გარკვეული გარემო, სადაც პროკურატურა გაცილებით პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ საკითხს. სიტუაციის განმუხტვისათვისაც აუცილებელია შეიქმნას ეს კომისია”, – განაცხადა სერგო რატიანმა.
ბიუროს სხდომაზე ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში უმრავლესობისა და ოპოზიციის მიზანი ერთია და პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციით გადაწყდება, როდის გაიმართება საკითხზე მსჯელობა.
„თქვენ მიერ ინიცირებული საკითხი არის საორგანიზაციო საკითხებში და ჩვენ შეგვიძლია გადავსვათ დღის წესრიგში. შემდგომ უკვე თავმჯდომარესთან კონსულტაციების მეშვეობით შევთანხმდეთ, როდის შეიძლება ეს საკითხი განსახილველად დავაყენოთ”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
პარლამენტის ბიურომ, საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების მიერ წარმოდგენილი დადგენილების პროექტი, „2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისში ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ საორგანიზაციო საკითხებიდან განსახილველ საკითხებში გადაიტანა.