პარლამენტი ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას 15 თებერვლის პლენარულ სხდომაზე მიიღებს
საქართველოს პარლამენტი ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას 15 თებერვლის პლენარულ სხდომაზე მიიღებს.
სამივე ოპოზიციონერი დეპუტატის თაობაზე პლენარულ სხდომას საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა წარედგინება, რომელმაც მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა, თუმცა კომიტეტის ხელმძღვანელობამ აღნიშნა ისიც, რომ მათ მხედველობაში სამართლებრივი საკითხები მიიღეს, პლენარულ სხდომაზე კი, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მოხდება.
როგორი იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს 14 თებერვალს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სწორედ უმრავლესობის ფორმატში მოხდება ამ საკითხზე მსჯელობა.
ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობის მიზეზია სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში კი, კონსტიტუციური ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს თუ არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.