საქართველოს პარლამენტი ახალი ლოგოს შექმნის მიზნით, კონკურს აცხადებს. გამარჯვებულს 2500 ლარიანი ანაზღაურება გადაეცემა,- ამის შესახებ პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძე ბრიფინგზე ისაუბრა.
მისივე განცხადებით, საკონკურსო წინადადებების მიღება 19 დან 24 აგვისტომდე გაგრძელდება. დაინტერესებულ პირები ინფორმაციის ნახვას შესყიდვების სააგენტოსა და პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდებზე შეძლებენ.
გივი მიქანაძის თქმით, განაცხადებს სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისია განიხილავს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
როგორც გივი მიქანაძემ განაცხადა, გამარჯვებულის გამოცხადების ვადები განსაზღვრული არ არის. ახალი ლოგოს შერჩევის შემთხვევაში კი, პარლამენტი ტენდერს უკვე ბრენდბუქის შექმნაზეც გამოაცხადებს.
,,საქართველოს პარლამენტში მიღებული იქნა გადაწყვეტილება პარლამენტის ახალი ლოგოს შექმნის თაობაზე. ამ მიზნით, საქართველოს პარლამენტში შეიქმნა საკონკურსო კომისია, რომელსაც უშუალოდ პარლმენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კომისიაში პარლამენტის წევრებთან ერთად, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენლები არიან გაერთიანებული. კონკურსთან დაკავშირებული დეტალები დღის განმავლობაში ატვირთული იქნება საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე. არანაირი ოფიციალური შეზღუდვა ამ კონკურსს არ აქვს. ნებისმიერი ასაკის ფიზიკურ პირს, აგრეთვე ნებისმიერ იურიდიულ პირს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს კონკურსში“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელმა საკონკურსო მოთხოვნებზეც ისაუბრა.
„გვაქვს რამდენიმე არსებითი საკითხი, რომელიც კონკურსთან არის დაკავშირებული. პირველი – თითოეულ კონკურსანტს შესაძლებლობა აქვს, მხოლოდ ერთი საკონკურსო წინადადება წარმოადგინოს. საკონკურსო წინადადებაში წარმოდგენილი ლოგოს ნიმუში არ უნდა იყოს პლაგიატის შემცველი და ასი პროცენტით უნდა იყოს ლოგოს ნიმუშის ორიგინალი. 19 აგვისტომდე დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ კონკურსის დეტალებს. ხოლო 19 დან 24 აგვისტომდე სპეციალურდ ამისთვის გახსნილ ელექტრონულ ფოსტაზე შესაძლებელი იქნება საკონკურსო წინადადებების წარმოდგენა. ამის შემდეგ, საკონკურსო კომისია შეისწავლის და მიიღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებულის თაობაზე. გამარჯვებულისთვის დაწესებულია შესაბამისი ანაზღაურება, რომელიც 2500 ლარის ფარგლებში არის განსაზღვრული“,-განაცხადა მან.
გივი მიქანაძის განმარტებით, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს რეკომენდაციით, ლოგოზე არ უნდა იყოს დატანილი პარლამენტის შენობის კონტურები. აღნიშნული შეზღუდვა არ გამომდინარეობს იქიდან, რომ საკანონმდებლო ორგანოს ორი შენობა არსებობს.
მისივე თქმით, ახალ ლოგოზე კონკურსის გამოცხადება პარლამენტის ახალი ვებგვერდის შექმნას უკავშირდება.
,,USAD- ის დაფინანსების ფარგლებში ვქმნით ახალ ვებგვერდს და ფერები და ლოგო, რომლებიც კონკურსის შედეგად შეირჩევა, გამოყენებული იქნება. ვებგვერდი ასევე მაქსიმალურად იქნება მორგებული შშმ პირებზე”,-აღნიშნა გივი მიქანაძე.
გივი მიქანაძემ პარლამენტის შენობების რეაბილიტაციაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს თბილისის პარლამენტის შენობის რეაბილიტაცია. წლის ბოლოს კი, როგორც მან განაცხადა, თბილისის პარლამენტის შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებზე.