პარლამენტი 2022 წლის გაზრდილი ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს
პარლამენტი 2022 წლის გაზრდილი ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს

საქართველოს პარლამენტი 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას იწყებს. ამ საკითხზე დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს.

28 სექტემბერს საკითხთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომის გამართვა იგეგმება, მანამდე კი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში შესატან ცვლილებებს კომიტეტები ხვალიდან განიხილავენ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, წარმოდგენილია ბიუჯეტის უკეთესი ვარიანტი.

„ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი შემოიტანა მთავრობამ. დღეს არის განსახილველად წარმოდგენილი. წარმოგიდგინეთ განხილვის გრაფიკი, რომელიც ითვალისწინებს ყველა კომიტეტში, ფრაქციაში, უმრავლესობაში, უმცირესობაში განხილვას. გრაფიკის მიხედვით, განხილვები შეგვიძლია, უკვე ხვალიდან დავიწყოთ, რადგან საკომიტეტო კვირაა და იმ ვარაუდით, რომ ჩვენი შენიშვნების, რეკომენდაციების, წინადადებების გათვალისწინებით და დაბრუნებული კორექტირებული ვერსიის გათვალისწინებით, 3 ოქტომბრის სასესიო კვირაში რომ პარლამენტმა ეს ვერსია დაამტკიცოს.

რაც შეეხება თვითონ ბიუჯეტს, მინდა, გითხრათ, რომ კარგი, უკეთესი ვარიანტია წარმოდგენილი, ვიდრე იყო. ჩვენი პროგნოზი ახდა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით და გაზრდილი არის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი. აქ ჩადებული არის 6 პროცენტი, ნაცვლად 8,5 პროცენტისა და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ზრდა არის ყველა კუთხით, მათ შორის გადასახადების კუთხით. ყველა სახის გადასახადი არის გაზრდილი. დღგ, საშემოსავლო, აქციზი და სხვა. ჩაშლილი არის მთლიანად. ჯამურად ხარჯვითი ნაწილი, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტზე ვისაუბრებ და არა ნაერთ ბიუჯეტზე, ასიგნებები არის 490 მილიონით გაზრდილი და მთელ რიგ მხარჯავ სუბიექტებს ეზრდებათ ხარჯვა. აქედან გამომდინარე, საინტერესო იქნება ყველა პროფილური კომიტეტისთვის, ვინც იხილავს ამ ვერსიას. გარდა ამისა, მაკროეკონომიკურ ნაწილში მნიშვნელოვნად მცირდება დეფიციტი. დღევანდელ დღეს ჩვენ ვმუშაობთ 4,4-პროცენტიანი დეფიციტით და უკვე კორექტულ ვარიანტში დეფიციტი არის 3,2 პროცენტი. ეს მნიშვნელოვანია იმით, რომ გავლენას მოახდენს როგორც ინფლაციაზე, რომელიც ძალიან მტკივნეულია საქართველო მოსახლეობისთვის, ასევე ლარის კურსის სტაბილურობაზე. შემდეგი მაჩვენებელი არის სახელმწიფო ვალი. სახელმწიფო ვალიც მნიშვნელოვნად მცირდება და ჩამოდის 39,6 პროცენტზე. აქედან გამომდინარე, მაკროეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესებულია და ამის საშუალებას იძლევა ის, რომ დეფიციტი არის შემცირებული და საშუალებას იძლევა, რომ ნაკლებ ვალს ავიღებთ. დაახლოებით 700-710 მილიონით ვალის შემცირება მოხდება. ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მონეტარული და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის უკეთესი ბიუჯეტია და ყველა წინაპირობა არსებობს.

გუშინ შეხვედრა მქონდა სავალუტო ფონდის მისიასთან. დიდი მისია იყო, რომელიც დღეს ამთავრებს მუშაობას და ჩვენი პროგნოზებიც 8,5 პროცენტთან მიმართებით მათ მიაჩნიათ სერიოზულა. არ გამოვრიცხავ, წლის ბოლოს ეს ზრდის მიმართულებით იქნას გადახედილი“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 480 მილიონით იზრდება.

„თავდაცვის სამინისტროში არის 80 მილიონით ზრდა. ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სადაც არის 150 მილიონით გაზრდილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო 70 მილიონით, ჯანდაცვის სამინისტრო 210 მილიონით. იუსტიციის სამინისტრო 10 მილიონით. კულტურა და სპორტის სამინისტრო 43 მილიონით. ინფრასტრუქტურის სამინისტრო 80 მილიონით. მსხვილი მხარჯავი სუბიექტები ჩამოგითვალეთ, ასევე არის სხვებიც“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.