პარლამენტი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტზე მსჯელობას მიმდინარე კვირაში დაიწყებს
პარლამენტი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტზე მსჯელობას მიმდინარე კვირაში დაიწყებს

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტი მსჯელობას მიმდინარე კვირაში დაიწყებს. დოკუმენტი დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ხარჯვითი ნაწილი 17 მილიარდ ლარს შეადგენს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტი მორგებული იქნება ადამიანზე, ადამიანის ჯანმრთელობასა და მის ღირებულებებზე.

„შემოსული არის 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. პროცედურების შესაბამისად, საფინანსო კომიტეტი უზრუნველყოფს იმას, რომ გაიწერება გრაფიკი, რომელ კომიტეტებში და რომელ ფრაქციებში, რა დღეებში იქნება განხილული სახელმწიფო ბიუჯეტი. შესაბამისად, არაუგვიანეს 22 ოქტომბრისა, ამ კომიტეტების, ფრაქციების და შემდგომ უკვე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნის საფუძველზე პარლამენტის თავმჯდომარე შენიშვნებით დაუბრუნებს მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტს. სახელმწიფო ბიუჯეტში, როგორც ყოველთვის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, აუცილებლად იქნება პრიორიტეტული ჯანდაცვის სისტემა, სოციალური სფერო, რა თქმა უნდა განათლება. ძირითადად, ბიუჯეტი მორგებული იქნება ადამიანზე, ადამიანის ჯანმრთელობასა და მის ღირებულებებზე”,-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ოპოზიცია მხარს არ უჭერს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯები არ არის შემცირებული.

„პირველი შთაბეჭდილება არის ისეთი, რომ კვლავ მაღალია ბიუჯეტის დეფიციტი, აბსოლუტრად არ მცირდება არც ერთი ის უსარგებლო და ბიუროკრატიული ხარჯი, რომლის შემცირების შესახებ მივუთითებდით ჩვენ და განსაკუთრებით ამ პანდემიის პირობებში. ეს ბიუჯეტი ვერ იქნება როგორც ლარის, ასევე ფასების სტაბილურობის გარანტი. პირიქით, იქნება დამატებითი პრობლემების შემქმნელი როგორც დღევანდელი ბიუჯეტი, რომელიც ლარს უთხრის ძირს”, -განაცხადა რომან გოცირიძემ.

მთავარი საფინანსო დოკუმენტის წინასწარი ვარიანტის მიხედვით, გათვალისწინებულია პედაგოგთა ერთი ნაწილის ხელფასების ზრდა, ასევე პენსიებთან დაკავშირებული ახალი სისტემა, რაც ნიშნავს, რომ პენსიის ზრდა ინფლაციაზე იქნება მიბმული.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ბიუჯეტის პროექტის განხილვას მე-9 მოწვევის პარლამენტი დაიწყებს და არჩევნების შემდეგ დაკომპლექტებული ახალი პარლამენტი გააგრძელებს.