პარკლენდის სკოლის მოსწავლეები დონალდ ტრამპს უმოქმედობაში ადანაშაულებენ
„ჩვენ ძალიან დიდხანს ვიყავით ჩუმად“, – პარკლენდის სკოლის მოსწავლეები, სადაც ყოფილი სტუდენტის თავდასხმას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ფორუმში იღებენ მონაწილეობას.
მათი ეს განცხადება წინ უძღვის იარაღზე კონტროლის გამკაცრების მოთხოვნით დაგეგმილ აღლუმს, რომელიც შაბათს ვაშინგტონში ჩატარდება.
მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებების მომთხოვნებს შორის დიდ ნაწილს ჯერ ხმის მიცემის უფლება არ აქვს, იარაღზე კონტროლის თემა პოლიტიკურ წრეებში მწვავე დებატების საკითხი გახდა.
სტუდენტების ბრალდებების სამიზნეც სწორედ პოლიტიკოსები არიან, მათ შორის რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
ბევრმა ტრამპი Twitter-ზე გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ აღნიშნული საკითხის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა.
აშშ-ის პრეზიდენტი წერდა, რომ „FBI, შესაძლოა, იმდენად დაკავებული იყო აშშ-ის არჩევნებში რუსეთის როლის გამოძიებით, რომ ამ სისხლიანი თავდასხმის თავიდან ასაცილებლად არ ეცალა“.