პარიზში ყვითელჟილეტიანთა მოძრაობის მსვლელობა კვლავ პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა
პარიზში ყვითელჟილეტიანთა მოძრაობის მსვლელობა კვლავ პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი.
პარიზში სამართალდამცველებმა აქციის 28 მონაწილე დააკავეს.ამას გარდა, 15 ადამიანი დაკავებულია ქალაქ რენეში, ოთხი კი ტულუზაში.
საფრანგეთში ეს ყვითელჟილეტიანთა უკვე რიგით მე-15 საპროტესტო მსვლელობა იყო. როგორც გამოცემა „ლე მონდი” სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს, საფრანგეთში დემონსტრაციებში 47 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, აქედან ექვსი ათასამდე დემონსტრანტი დედაქალაქის ქუჩებში გამოვიდა.
ყვითელჟილეტიანების აქცია ნოემბრიდან მოყოლებული საფრანგეთში ყოველ უქმეებზე იმართება. თავდაპირველად, აქციის მონაწილეები საწვავზე ფასების გაზრდას აპროტესტებდნენ, თუმცა მოგვიანებით, მომიტინგეებმა სხვა მოთხოვნებიც წამოაყენეს. მათ შორის, ერთ-ერთი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომაა.
ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვებით, ფრანგების უმეტესობა ყვითელჟლეტიანების აქციების შეწყვეტის მომხრეა.