პარიზში ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციაზე სამართალდამცველებმა 70-მდე პირი დააკავეს
პარიზში ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციაზე არეულობის დროს სამართალდამცველებმა 70-მდე პირი დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტრიუმფალურ თაღთან მიმდინარე დემონსტრაციას ათასობით ადამიანი ესწრება, მათ შორის რამდენიმე ათეული პირი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა.
როგორც ცნობილია, მათ ცალკეულ ქუჩებზე პოლიციის ავტომობილებს, მოტოციკლებს და ნაგვის ურნებს ცეცხლი მოუკიდეს. ჩამსხვრეულია ათობით მაღაზიის მინა.
დემონსტრანტების ქმედების საპასუხოდ სამართალდამცველებმა ცრელმსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ დემონსტრაციები საფრანგეთში ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. თავდაპირველად აქტივისტები საწვავზე ფასების მომატებას აპროტესტებდნენ. რის შემდეგაც ხელისუფლებამ ვითარების გამოსწორებისთვის შესაბამისი ზომები მიიღო. ამის მიუხედავად აქტივისტები ყოველ უქმე დღეს დემონსტრაციებს მაინც მართავენ.