პარიზში ყოფილმა უსახლკარომ კულინარიის სფეროში პრესტიჟული ჯილდო, მიშლენის ვარსკვლავი მიიღო
პარიზში ყოფილმა უსახლკარომ, წარმოშობით ლიბანელმა მზარეულმა, 43 წლის ალან ჟეამმა კულინარიული ხარისხის – მიშლენის ვარსკვლავი მიიღო.
ლიბანიდან პარიზში ჩასულმა ალან ჟეამ კარიერა ჭურჭლის მრეცხავად დაიწყო. საფრანგეთის დედაქალაქში ჩასული ის ღამეებს პარკებში სკამებზე ათენებდა.
პარიზში მზარეულად მუშაობა მან შემთხვევით დაიწყო. იმ რესტორნის მთავარმა მზარეულმა, სადაც ალანი მუშაობდა, დანით ხელი გაიჭრა და მისი სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. რესტორნის დარბაზში მყოფი კლიენტების შეკვეთების შესასრულებლად ალანი იძულებული გახდა, თავად მოემზადებინა კერძები. თავისი კულინარიული შესაძლებლობებით ლიბანელმა მიგრანტმა არა მხოლოდ სტუმრები, არამედ რესტორნის მფლობელიც მოხიბლა. ასე დაიწყო მან მზარეულის კარიერა. ცოტა ხნის წინ კი, ალანმა პარიზში, ტრიუმფალური თაღის მახლობლად საკუთარი რესტორანი სახელწოდებით Alan Geamm გახსნა.
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ „მიშლენი“ დაინტერესდებოდა ჩემნაირი თვითნასწავლი ადამიანით, რომელსაც 19 წლის ასაკში ქუჩაში ეძინა, თავისი კარიერა კი ჭურჭლის რეცხვით დაიწყო. მეგონა, რომ ეს გიდი წერს მხოლოდ დიდი, მდიდრული სასტუმროების მზარეულებზე, ან ცნობილი ოსტატების მოწაფეებზე. თუმცა ყველაფერი პირიქით აღმოჩნდა. ამან სასიამოვნოდ გამაკვირვა“, – ამბობს ალან ჟეამი „ფრანს პრესთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, კულინარიისადმი სიყვარული ბავშვობიდან მოჰყვება, როდესაც ის მულტფილმის ყურების ნაცვლად, კულინარიულ შოუებს უყურებდა.
„მიშლენი“ ან „წითელი მეგზური“ მსოფლიოში კულინარიის სფეროში ყველაზე ცნობილი და გავლენიანი რეიტინგია. ის 1900 წლიდან გამოიცემა.