პარიზში, სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე გაჩერებულ მანქანაში ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოჩნდა
პარიზის პოლიციამ სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე გაჩერებულ მანქანაში ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინა. მომხდარის გამო სამართალდამცავებმა სავაჭრო ცენტრ „My Place”-დან მოქალაქეების სასწრაფო ევაკუაცია განახორციელეს.
პოლიციამ საეჭვო ავტომობილი 24 ივლისს, საღამოს შენიშნა. მძღოლი სამართალდამცავების მოთხოვნას არ დაემორჩილა და მანქანით მიიმალა.
პოლიციამ დევნის ოპერაცია დაიწყო. მოგვიანებით, მიტოვებული ავტომანქანა სავაჭრო ცენტრის მიწისქვეშა სადგომზე იპოვეს. ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა საბარგულში ასაფეთქებელი ნივთიერებები და სანომრე ნიშნების სწრაფად შეცვლისთვის განკუთვნილი ხელსაწყო აღმოაჩინეს.
გამნაღმველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები რამდენიმე საათის შემდეგ გააუვნებელყვეს. პოლიცია მანქანის მფლობელს და მის თანამგზავრს ამ დრომდე ეძებს.
„ფრანს პრესის” ცნობით, ერთ-ერთი მათგანი რამდენიმე კვირის წინ ციხიდან გაქცეული მძარცველია.