შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გახსნილი ბოლო დროს მომხდარი საქმეების შესახებ ბრიფინგი გაიმართა.
შსს-ს ინფორმაციით, სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფრანგ კოლეგებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეები, საფრანგეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების რვა წევრი საფრანგეთის დედაქალაქში დააკავეს.
„დაკავებულებს კრიმინალური დაჯგუფების წევრობა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობა და ნაქურდალი ნივთების შენახვა ედებათ ბრალად. ქართველი და ფრანგი სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ გასული წლის მარტიდან დღემდე, დანაშაულებრივი დაჯგუფების ქართველმა წევრებმა საფრანგეთში ქურდობა მრავალჯერ ჩაიდინეს.
პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას მობილური ტელეფონები, პორტატიული კომპიუტერები, ოქროს ნივთები, სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ქართული და ფრანგული საბანკო ბარათები და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ჯგუფის წევრებს კავშირი ჰქონდათ 2017 წლის ნოემბერში პარიზში დაკავებულ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“. აღნიშნული დაჯგუფების მიერ მოპარული ნივთების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის ნაწილით ე.წ. „ქურდული საერთო“ ივსებოდა. გამოძიება საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით მიმდინარეობს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცველ უწყებასთან. კრიმინალთან ბრძოლა აქტიურ ფაზაშია. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით იგეგმება საქართველოს პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის გაძლიერება“, – აცხადებენ შსს-ში.