პარიზში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციაზე ცხრა აქტივისტი დააკავეს
პარიზში, საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციაზე ცხრა აქტივისტი დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია სამართალდამცავი უწყების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც სამართალდამცავ უწყებაში აღნიშნეს, დაკავებები მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა.
დღეს საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ დემონსტრაციები განახლდა. მანიფესტაციები ერთდროულად რამდენიმე ქალაქში იმართება.
მათ შორის დედაქალაქ პარიზში, მარსელში, ბორდოსა და რენში. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეები რამდენიმე ათეული ქალაქის ქუჩებში არიან გამოსულები.
განახლებულ დემონსტრაციებთან დაკავშირებით საფრანგეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიზღუდა ტრანსპორტით გადაადგილება.
ქვეყანაში საყოველთაო გაფიცვა უკვე 36-ე დღეა, გრძელდება. უკმაყოფილება პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებულმა საპენსიო რეფორმამ გამოიწვია, რომელიც უნივერსალური საპენსიო სისტემის შემოღებას ითვალისწინებს.
ახალი საპენსიო სისტემის თანახმად, საპენსიო ასაკი 62-ის ნაცვლად 64 წელი გახდება. ამასთან, გაუქმდება ე.წ. განსაკუთრებული რეჟიმი, რომელიც დასაქმებულების გარკვეულ ნაწილს პენსიაზე ვადაზე ადრე გასვლის შესაძლებლობას აძლევდა.
ქვეყნის პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაფიცვა მანამ გაგრძელდება, ვიდრე პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას უკან არ გაიწვევს.