პარიზში მარინ ლე პენის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო, პოლიტიკოსს, რომელსაც ევროპარლამენტის სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ, პატიმრობა ემუქრება
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს, მარინ ლე პენს ევროპარლამენტის სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი პარიზში ორშაბათს დაიწყო და სავარაუდოდ, დაახლოებით, ორ თვეს გაგრძელდება.
მარინ ლე პენთან ერთად ამავე საქმეზე ბრალდებულია 20-ზე მეტი მისი თანაპარტიელი.
კერძოდ, პარტიის წევრებს ადანაშაულებენ იმაში, რომ მათ მიერ ევროპარლამენტის სახსრებით დაქირავებული ასისტენტები მუშაობდნენ პარტიის და არა ევროპარლამენტის საქმეებზე.
როგორც „ბიბისი“ წერს, თუ მარინ ლე პენს დამნაშავედ ცნობენ, მას ჯარიმა და პატიმრობა ემუქრება. ამასთან, პოლიტიკოსს, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატობის პრეტენდენტია, შესაძლოა 10 წლით პოლიტიკური თანამდებობების დაკავება აეკრძალოს.
თავად მარინ ლე პენი ბრალდებებს უარყოს. როგორც პარტიის პრესსპიკერმა, ლორან ჯაკობელიმ განაცხადა, დაცვის მხარე დაამტკიცებს, რომ ევროკავშირის ფულის გაფლანგვის სისტემა არ არსებობს.
„ჩვენ დავამტკიცებთ, რომ შეუძლებელია, იყო ევროპარლამენტარის ასისტენტი და ჩართული იყო „ეროვნული გაერთიანების“ ცხოვრებაში“, – განაცხადა მან.
ლე პენის მამა, პარტიის დამფუძნებელი, 96 წლის ჟან-მარი ლე პენი ასევე არის ბრალდებულებს შორის, თუმცა ის სასამართლოს წინაშე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ წარდგა.
ყალბი დასაქმების სისტემის შესახებ პირველად 2015 წელს გახდა ცნობილი. საქმე ეხება 2004-2016 წლებში ევროპარლამენტარების ასისტენტების კონტრაქტებს. პროკურორების მტკიცებით, ერთ-ერთი პირი, რომელიც დასაქმებული იყო როგორც ევროპარლამენტის ასისტენტი, სინამდვილეში მუშაობდა, როგორც მარინ და ჟან-მარი ლე პენის პირადი დაცვა.
პროკურატურა სამ მილიონ ევროზე მეტის ანაზღაურებას ითხოვს.
„ეროვნულმა გაერთიანებამ“ უკვე დააბრუნა ერთი მილიონი ევრო, თუმცა პარტიაში აცხადებენ, რომ ეს არ არის დანაშაულის აღიარება.