პარიზში „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ საინაუგურაციო შეხვედრა გაიმართება
პარიზში „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ საინაუგურაციო შეხვედრა გაიმართება

2 დეკემბერს, პარიზში „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ საინაუგურაციო შეხვედრა გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საინაუგურაციო შეხვედრა გაიხსნება პლენარული სხდომით, რომელსაც თავმჯდომარეობას გაუწევენ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მისი ფრანგი კოლეგა, ჟან-ივ ლე დრიანი.

ღონისძიების ფარგლებში, ქართველი და ფრანგი მინისტრები მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ სესიის მონაწილეებს.

„დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგი“ მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებას პოლიტიკური, საპარლამენტო, თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ვაჭრობის, ასევე კულტურის და განათლების სფეროებში. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება სამუშაო ჯგუფების შეხვედრა პოლიტიკურ, თავდაცვის, შიდა უსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის საკითხებზე. საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრას გამართავს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჟან -ივ ლე დრიანთან“ ,- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

დიალოგის დაფუძნების შესახებ დეკლარაციას 2019 წლის 19 თებერვალს, საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი.

ქართულ-ფრანგულ დიალოგს დიმიტრი ამილახვარის სახელი 1942 წელს, ელ-ალამეინში დაღუპული ფრანგული საგარეო ლეგიონის ქართველი ოფიცრის პატივსაცემად ეწოდა.

სამინისტროში განმარტავენ, რომ ფორმატის დაარსება ხაზს უსვამს საქართველოსა და საფრანგეთს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას, რაც განპირობებულია გააქტიურებული ორმხრივი თანამშრომლობის ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადაყვანის საჭიროებით და ატარებს, როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ დატვირთვას.

დიალოგი წელიწადში ერთხელ, მონაცვლეობის პრინციპით, თბილისსა და პარიზში გაიმართება.