პარიზის მერია 52 პარკსა და ბაღში მოწევას აკრძალავს. ინფორმაციას გამოცემა „ფიგარო“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ახალი რეგულაცია 8 ივნისიდან შევა ძალაში, რაც საფრანგეთის დედაქალაქის მწვანე სივრცის 10 პროცენტს დაფარავს.
აღნიშნული ზომები 2018 წლის ივლისში დაწყებული ექსპერიმენტის გაგრძელებაა, როდესაც მოწევა ექვს პარკში აიკრძალა.
„რეგულაციებმა პარკებში მწეველთა და მიწაზე სიგარეტის ნარჩენების რაოდენობა შეამცირა. რეგულაციებისთვის დამატებით 46 პარკი შეირჩა“, – ნათქვამია პარიზის მერიის განცხადებაში.
შერჩეული 52 პარკის მთავარ შესასვლელებში საინფორმაციო დაფები და სათამაშო საფერფლეები განთავსდება. თავდაპირველად, მერიის აგენტები მწეველებს ინფორმაციას მიაწვდიან, ივლისის დასაწყისიდან კი, რეგულაციების დამრღვევებს შესაძლოა, 38 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისროთ.
ჯარიმები ამჟამად საბავშვო მოედნებზე მოქმედებს. 2015 წლიდან პარიზის პარკებში 500 სათამაშო მოედანზე მოწევა აკრძალულია. ამასთან, მიმდინარე წლის თებერვალში პარიზის მერიამ მხარი დაუჭირა 19 ქუჩაზე მოწევის აკრძალვას.