პარიზის მერი კახა კალაძეს წერილს უგზავნის - მეგობრობის დიდი ისტორია, რომელიც პარიზსა და თბილისს აკავშირებთ, ახალი პროექტებით კიდევ უფრო გამდიდრდება
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარიზის მერად ხელმეორედ არჩეული ან იდალგო თბილისელ კოლეგას, კახა კალაძეს მადლობის წერილს უგზავნის.
წერილში იდალგო თბილისსა და პარიზს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნას გამოთქვამს.
„მსურს, მადლობა გადაგიხადოთ მოსალოცი წერილისთვის, რომელიც პარიზის მერის პოსტზე ხელახალ არჩევასთან დაკავშირებით გამომიგზავნეთ. თქვენი წერილი ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო. მეგობრობის დიდი ისტორია, რომელიც პარიზსა და თბილისს, საფრანგეთსა და საქართველოს აკავშირეთ, განსაკუთრებით ფრანკოფონიისა და კულტურის მიმართულებით, მერწმუნეთ, კიდევ უფრო გამდიდრდება ახალი პროექტებით. მინდა გითხრათ, რომ მე კვლავაც ყურადღებით მოვეკიდები თბილისის აბრეშუმის მუზეუმის განახლებას, რომელშიც ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაცია მონაწილეობს“, – მიმართავს ან იდალგო კახა კალაძეს.
პარიზის მერი ქვეყნის ხელისუფლებას და დედაქალაქის მოსახლეობას პარიზის მეგობრობას კიდევ ერთხელ უდასტურებს.
„ჩემი მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფრანკოფონიის სფეროში, არნო ნგატშა, როცა სურვილს გამოთქვამთ, თქვენთან ერთად განიხილავს თანამშრომლობის მიმართულებებს, რომელიც შეიძლება პარიზსა და თბილისს შორის დაისახოს. გთხოვთ, გადასცეთ პარიზის მეგობრობა თქვენი ქვეყნის ხელისუფალთ და თქვენი ქალაქის მოსახლეობას“, – აღნიშნავს ან იდალგო თბილისის მერისადმი გაგზავნილ წერილში.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.