პარიზის გარეუბან ნანტერში პოლიციელის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებით მიმდინარე მსვლელობის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა
პარიზის გარეუბან ნანტერში პოლიციელის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებით მიმდინარე მსვლელობის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. „ბიბისის“ ცნობით, პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ათასობით ადამიანი მონაწილეობს მსვლელობაში სახელწოდებით „სამართალი ნაჰელისთვის“. მსვლელობის მონაწილეებს წინ მოკლული არასრულწლოვანის დედა მიუძღვის. „ბიბისის“ ცნობით, მასთან ერთად იმყოფება 2016 წელს დაკავების იზოლატორში დაღუპული შავკანიანი ახალგაზრდა მამაკაცის, ადამა ტრაორეს და.
17 წლის ნაჰელი სამშაბათს პოლიციელის მიერ გასროლის შედეგად დაიღუპა. სამართალდამცველის მიმართ დაწყებულია გამოძიება მკვლელობის მუხლით. მოზარდის მკვლელობას ნანტერსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა.