პარიზის ცენტრში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება და პრიორიტეტი ველოსიპედებს მიენიჭება
პარიზის ცენტრში საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა იგეგმება. შესაბამისი გეგმა საფრანგეთის დედაქალაქში საკრებულოს უკვე წარუდგინეს.
ინიციატივის მიხედვით, ქალაქის ოთხ ცენტრალურ უბანში ავტომობილით გადაადგილება მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს და პრიორიტეტი მიენიჭება ველოსიპედებს, ფეხით მოსიარულეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს.
როგორც გეგმის ავტორები ამბობენ, შედეგად, „ქალაქის ჰაერი ნაკლებად დაბინძურდება, სივრცეები უფრო მწვანე გახდება, ხოლო ქალაქი იქნება მშვიდი და უსაფრთხო“.
ამასთან, ცენტრალურ უბანში მცხოვრებ მოქალაქეებს და იქ დასაქმებულებს კვლავ ექნებათ ავტომობილით გადაადგილების უფლება, თუმცა ე.წ. ტრანზიტი ამ უბნებში აიკრძალება.
საკრებულოს გეგმის მიხედვით, ცვლილებები ქალაქში 2022 წლამდე უნდა განხორციელდეს.
შეგახსენებთ, პანდემიის პერიოდში პარიზში ასობით კილომეტრის ველობილიკები დაამატეს.