პარალიმპიურმა კომიტეტმა საინფორმაციო მხარდამჭერისთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი დააჯილდოვა
საქართველოს პარალიმპიურმა კომიტეტმა საინფორმაციო მხარდაჭერისთვის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი დააჯილდოვა. პარალიმპიური კომიტეტის 2023 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე პრიზი საქართველოს პირველი არხის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს გადაეცა.
როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირველად მოახერხა პარალიმპიადის ლიცენზიის შეძენა და ტრანსლაცია, რამაც მაყურებლის დიდი ინტერესი გამოიწვია.
„პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ძირითადი სტრატეგიის ნაწილი, რათა არხი იყოს მრავალფეროვანი, ინკლუზიური. პირველად მოვახერხეთ პარალიმპიადის ლიცენზიის შეძენა და ტრანსლაცია, რამაც, სხვათა შორის, დიდი ინტერესი გამოიწვია მაყურებელში. ყველაზე დადებითი ეს იყო. ტექნოლოგიურად შევძელით ამის გაკეთება. მადლობა ჩვენი სპორტის დეპარტამენტს, ამიტომ ეს ჯილდოც სწორედ მათ ეკუთვნით. რაც შეეხება მეორე ეტაპს, რომელიც არის პარიზში ამ ზაფხულს ოლიმპიადასთან ერთად, პარალიმპიადას ნახავს ჩვენი მაყურებელი. გარდა იმისა, რომ საინტერესო იქნება, დარწმუნებული ვარ, ამასთან ერთად უკეთესი გარემოს შექმნას შევძლებთ და მეტი მოტივაცია ექნებათ სპორტსმენებს, ასახელონ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
პარალიმპიური კომიტეტის 2023 წლის შემაჯამებელ ღონისძიება და საუკეთესო პარასპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ გაიმართა.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში: 2023 წლის საუკეთესო ახალგაზრდა პარასპორტსმენი მაკა კვინჩია გახდა, საუკეთესო პარანაკრების ჯილდო საქართველოს პარატაეკვანდოს ეროვნულ ნაკრებს ერგო. საუკეთესო მწვრთნელად მალხაზ მესხი დასახელდა, ყველაზე პროგრესირებადი პარასპორტსმენი ლია ჩაჩიბაია, 2023 წლის ვეტერანი პარასპორტსმენები ნიკა თვაური და იაგო გორგოძე გახდნენ, სპეციალური პრიზი პარალიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის დავით მაისურაძეს ერგო, საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე გახდა, პარასპორტსმენი ქალის ჯილდო კი პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანს გადაეცა.
ღონისძიებაზე, ასევე, კომიტეტმა დააჯილდოვა მხარდამჭერები პარტნიორ სახელმწიფო უწყებებსა და კერძო კომპანიებში.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, პარასპორტსმენები, მათ შორის, ISAF-ის მისიაში დაჭრილი სამხედროები, შშმ პირთა ორგანიზაციები, პარტნიორი სპორტული ფედერაციები და კერძო კომპანიები, საერთაშორისო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები.