პაპუნა ლეჟავა - მზად ვართ, ეროვნული ბანკის კომპეტენციის ფარგლებში ჩავერთოთ საპენსიო პროგრამის საკითხებში
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლების შეხვედრაზე საუბარი საპენსიო პროგრამას შეეხებოდა.
„საუბარი იყო საპენსიო პროგრამაზე, სამომავლოდ რა შეიძლება, შეიცვალოს, როგორ დალაგდეს ეს პროექტი. ჩვენ, როგორც გუშინ განაცხადა ბატონმა კობა გვენეტაძემ, ჩვენი, ეროვნული ბანკის კომპეტენციის ფარგლებში მზად ვართ, რომ ამ პროცესში ჩავერთოთ. ჩვენი კუთხით რაიმე კონსულტაცია ან კითხვა თუ იქნება, რეკომენდაციები გავუწიოთ“, – განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკის კომპეტენცია მომხმარებელთა უფლებების დაცვაა.
„ჩვენი კომპეტენცია არის მომხმარებელთა უფლებების დაცვა ამ კონტექსტში და თუ რამე სტატისტიკური მონაცემის მიწოდებაზე იქნება საუბარი, ან სხვადასხვა ტიპის საბანკო მომსახურებაზე, მზად ვართ, კონსულტაცია გავუწიოთ მთავრობას“, – აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ.