პაპუნა ლეჟავა - ლარის კურსზე და ჩვენი რეზერვების შევსებაზე მოქმედებს მიგრანტების ეფექტი, ასევე, როგორც ჩანს, ლარის გამყარების მოლოდინმა უფრო მეტი დეპოზიტარი გადმოიყვანა უცხოური ვალუტიდან ლარზე
კურსზე და ჩვენი რეზერვების შევსებაზე მოქმედებს მიგრანტების ეფექტი და თანხის შემოდინება, ასევე ბოლო პერიოდში ფიქსირდება დეპოზიტების გალარების ტენდენცია, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.
მისი თქმით, ლარის გამყარების მოლოდინმა უფრო მეტი დეპოზიტარი უცხოური ვალუტიდან ლარზე გადაიყვანა.
„ეროვნული ბანკის ინტერვენციები თუ იქნებოდა ნაკლები, ვალუტა უფრო მეტად გამყარდებოდა, თუმცა სწორი პოლიტიკაა, როდესაც გვაქვს ასეთი დროებითი ფაქტორები, დროებითი შემოდინება ეკონომიკაში – და ჩვენ ჯერ კიდევ დროებითად აღვიქვამთ ამ ფაქტორს – უნდა დაგროვდეს რეზერვები, რათა მსგავსი ტიპის გადინება თუ მოხდა, ამ დროისთვის საკმარისად გვქონდეს. მსგავსი მაგალითი იყო პანდემიის პერიოდში, როდესაც ეროვნულმა ბანკმა მილიარდი დოლარის რეზერვი დახარჯა ერთი წლის განმავლობაში. გარდა იმისა, რომ კურსზე და ჩვენი რეზერვების შევსებაზე მოქმედებს მიგრანტების ეფექტი და თანხის შემოდინება, ასევე ბოლო პერიოდში ფიქსირდება დეპოზიტების გალარების ტენდენცია. როგორც ჩანს, ლარის გამყარებასთან დაკავშირებით მოლოდინებმა უფრო მეტი დეპოზიტარი გადმოიყვანა უცხოური ვალუტიდან ლარზე, ამასაც თავის გავლენა აქვს კურსზე“, – განაცხადა ლეჟავამ.