პაპუნა ლეჟავა - ეროვნული ბანკი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, რომ ინფლაციაზე ლარის კურსიდან მომდინარე ზეწოლა შემცირდეს
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას განცხადებით, ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, რათა ლარის კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა მაქსიმალურად შემცირდეს.
მისი თქმით, ეროვნულ ბანკს ამისთვის საკმაოდ ბევრი ინსტრუმენტი აქვს.
„ჩვენ ერთი თვის წინ განვაცხადეთ, რომ ლარის კურსის ზეწოლა ინფლაციაზე უკვე ხაზგასასმელია და მივიღებდით ყველა ზომას, რომ ლარის კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ზეწოლა ინფლაციაზე შევამციროთ. ეროვნულ ბანკს ხელში ბევრი ინსტრუმენტი აქვს და აუცილებლად გამოვიყენებთ ყველა ამ ინსტრუმენტს, მათ შორის, დღევანდელ ინტერვენციასაც, რომ ლარის კურსიდან მომდინარე ზეწოლა ინფლაციაზე მაქსიმალურად შევამციროთ. ამ კუთხით კოორდინირებულად ვმუშაობთ მთავრობასთანაც, ბანკებთანაც. ყველას ხედვა და მიზანი საერთოა და დარწმუნებული ვარ, შედეგს აუცილებლად გამოიღებს”, – აღნიშნა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.
ამასთან, პაპუნა ლეჟავას თქმით, ფუნდამენტური საფუძვლები იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ ლარი გარკვეულ პერიოდში გამყარებას დაიწყებს.
„ფუნდამენტურად ჩვენ საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ლარი რაღაც პერიოდში აუცილებლად გააგრძელებს გამყარებას, თუმცა მეორე, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, ბაზრის მოთამაშეების მოლოდინები, რაც თავის მხრივ, კურსში აისახება. ყველაზე თვალნათლივ და მარტივად დასანახია სესხების გალარების სისწრაფე და დეპოზიტების დოლარიზაციის ზრდა, რომელიც ლარის გაუფასურებაზე ახდენს ზეწოლას“, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.
ეროვნული ბანკი დღეს 40 მილიონ დოლარს გაყიდის. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 25 სეტქმებრის რიგგარეშე სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.5 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.