პაპუნა გამყრელიძე - სპეციალური ტექნიკა მთელი დღის განმავლობაში შვიდ პრიორიტეტულ მდებარეობაში მუშაობდა
სტიქიის ზონაში აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ამ ეტაპისთვის მობილიზებულია 85 ერთეული ტექნიკა. ეს არის მძიმე ტექნიკა, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად განსაზღვრულ შვიდ პრიორიტეტულ მიმართულებაზეა გადანაწილებული, – ამის შესახებ რაჭის სტიქიის ზონიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პაპუნა გამყრელიძემ განაცხადა.
„ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა მჟავე წყლების მიმართულებით გზის გაყვანა და მდინარის ფონის გადალახვა, რაც ამ დროისთვის უკვე მიღწეულია. შესაბამისად, ამ ადგილას მაშველებთან ერთად გადაყვანილია სამი ერთეული ტექნიკა და მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
მისი თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მობილიზაცია გაუკეთა ექსაკავატორებს, ბულდოზერებს, თვითმცლელებსა და ამწეებს.
„ეს ტექნიკა ეხმარება შესაბამის სამსახურებს რთულად გადასალახ ღვარცოფულ მასაში საძიებო და სამაშველო სამუშაოების წარმოებაში. დღის განმავლობაში მძიმე ტექნიკა მუშაობდა როგორც შოვის ტერიტორიაზე, ისე მდინარის კალაპოტში, ფონის გაგანიერებისა და გაწმენდის მიზნით. ასევე, სამუშაოებს ვაწარმოებდით მდინარე დღვიორაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული აღნიშნულ სტიქიურ მოვლენებთან. აქ სამუშაოები, მოსახლეობის თხოვნით, პრევენციის მიზნით დავიწყეთ“, – განაცხადა პაპუნა გამყრელიძემ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გამოეხმაურა ჯუთის გზის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც და განმარტა, რომ ამ გზის ცალკეულ უბნებზე სისტემატურად მიმდინარეობდა მონიტორინგი, ხოლო 2022 წლის ბოლოს ჩატარდა პირველადი კვლევები.
„ამ ეტაპზე უკვე მომზადებულია ჯუთის გზის საპროექტო დოკუმენტაცია. 21 ივლისს მიეცა დავალება სამშენებლო კომპანიას, რომელსაც უკვე დაწყებული აქვს სამობილიზაციო სამუშაოები. უახლოეს დღეებში დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესაბამისად, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, უსაფრთხოების მიზნით, დაგეგმილი გვაქვს ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვა“, – აღნიშნა პაპუნა გამყრელიძემ.