პაპუა-ახალ გვინეაში პოლიციელებმა პარლამენტის შენობა შტურმით აიღეს
პაპუა-ახალ გვინეაში პოლიციელებმა პარლამენტის შენობა შტურმით აიღეს

პაპუა-ახალ გვინეაში პოლიციელებმა პარლამენტის შენობა შტურმით აიღეს.

სამართალდამცავები აცხადებენ, რომ მთავრობა მათ დაპირებულ სახელფასო დანამატებს არ ურიცხავს. დამატებით ანაზღაურებას ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოსთვის პოლიციელებსა და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებს პაპუა-ახალ გვინეაში ჩატარებული „აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის ფარგლებში დაჰპირდნენ.

უკმაყოფილო პოლიციელები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და ავეჯი დაწვეს. როგორც BBC-ი წერს, თითოეულ პოლიციელს საერთაშორისო სამიტზე უსაფრთხოების დაცვის სანაცვლოდ, 100 დოლარი უნდა მიეღო.

საკანონმდებლო ორგანოში შეჭრილი პოლიციელები მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებენ.

„აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტი პაპუა-ახალ გვინეაში გასულ კვირას გაიმართა. ადგილობრივ პოლიციელებს უსაფრთხოების დაცვაში ავსტრალიელი და ახალი ზელანდიელი სამართალდამცველები ეხმარებოდნენ.