საქართველოში პანტომიმის თეატრის დამაარსებელი ამირან შალიკაშვილი გარდაიცვალა
ქართველი რეჟისორი, მსახიობი და საქართველოში პანტომიმის თეატრის დამაარსებელი ამირან შალიკაშვილი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამირან შალიკაშვილმა 1960 წელს დაამთავრა თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის სარეჟისორო ფაკულტეტი, 1964 წელს – თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დრამის მსახიობის სპეციალობით.
1961 წლიდან არის ქართული პროფესიონალური პანტომიმის სკოლის ფუძემდებელი.
1965–1969 წლებში იყო მუსკომედიის, ხოლო 1969–1973 წლებში – კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი.
1973–1975 წლებში იყო ფილარმონიის პანტომიმის დასის ხელმძღვანელი.
1975 წლიდან პანტომიმის სახელმწიფო თეატრის დამაარსებელი და დირექტორი.
1990 წელს “ევროპის მიმების” ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილე
გამოცემული აქვს წიგნების „პანტომიმა დუმილის პოეზიაა“ (1999), „დუმილის შემდეგ“ (2004), „ხილვები ფიროსმანზე“ (2004), „ცრემლიანი შემოდგომა“ (I, 2005; II, 2006).
მიღებული აქვს ჯილდოები :ღირსების ორდენი, პრემია “საუკეთესო რეჟისორი პლასტიკაში“, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია და საქართველოს კომკავშირის პრემია.
ამირან შალიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდები საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრში – სამშაბათს და ოთხშაბათს 16:00 საათზე გაიმართება. რეჟისორს მის მიერ დაარსებული თეატრიდან ხუთშაბათს 14:00 საათზე გამოასვენებენ.