პანკისში მომხდარ ინციდენტში მონაწილე მძღოლის დაკითხვა დასრულდა
პანკისში მომხდარ ინციდენტში მონაწილე მძღოლის დაკითხვა დასრულდა

პანკისში დიდების მემორიალთან დღეს მომხდარ ინციდენტში მონაწილე მძღოლის დაკითხვა პოლიციაში უკვე დასრულდა და ის თავისუფალია.

ახლობლების განცხადებით, მძღოლს აღმართზე ავტომობილი დაუცურდა და მიზანმიმართულად არავის დაჯახებია.

„ეკლესიაში მედავითნე, პატიოსანი პიროვნებაა, მერიაში ძეგლთა დაცვაში მუშობს. ვერ დავიჯერებ, რომ ბავშვებისთვის მანქანა განზრახ დაეჯახებინა. ტერიტორიაზე შედიოდა, რადგნ იქიდან ღონისძიებისთვის მიტანილი ნივთები წამოეღო“,  – განუცხადა პირველ არხს ოჯახის ახლობელმა, მერაბ სისაურმა და აღნიშნა, რომ ინციდენტის დროს მძღოლს ადგილზე შეკრებილებმა სახის არეში დაზიანებები მიაყენეს.

პანკისში, დიდების მემორილთან, სადაც თემირლან მაჩალიკაშილის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავდნენ, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა მემორიალის ტერიტორიაზე შესვლა სცადა, რომლის დროსაც, არსებული ინფორმაციით, აქციის რამდენიმე მონაწილემ დაზიანება მიიღო, მათ შორის არასრულწლოვანმა. მათ დახმარება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა ადგილზე აღმოუჩინა და კლინიკაში გადაყვანა საჭირო არ გამხდარა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, მძღოლი კი, დაკითხვაზე პოლიციაში გადაიყვანეს.

ამასთან, მანამდე, პანკისში ამფითეატრის შენობასთან, სადაც „პანკისობა 2018“ უნდა გამართულიყო მალხაზ მაჩალიკიაშვილი მივიდა და შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდა. ადგილობრივებმა ტერიტორია დატოვეს და„პანკისობა 2018“ აღარ გამართულა.