პანკისში ინციდენტში მონაწილე მძღოლი გამოკითხვაზეა გადაყვანილი
პანკისში ინციდენტში მონაწილე მძღოლი გამოკითხვაზეა გადაყვანილი

პანკისში დიდების მემორიალთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე მძღოლი გამოკითხვაზეა გადაყვანილი. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი პანკისიდან იუწყება.

მძღოლი სამართალდამცველებმა დიდების მემორიალთან აიყვანეს, სადაც თემირლან მაჩალიკაშილის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავდნენ.

შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა, აქციის მონაწილეებმა მემორიალის შესასვლელი გადაკეტეს, რათა პანკისობის დღესასწაულზე მანქანები არ შეეშვათ. ავტომანქანის მძღოლმა მემორიალის ტერიტორიაზე შესვლა სცადა, რა დროსაც, არსებული ინფორმაციით, აქციის რამდენიმე მონაწილემ მიიღო დაზიანება.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ერთ-ერთი ქალბატონი კი შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს. ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

მანამდე კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა პანკისში, ამფითეატრის შენობასთან, სადაც „პანკისობა 2018“ უნდა გამართულიყო. იქ შეკრებილებს დაშლისკენ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მოუწოდა.

როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა სოსო ქარუმაშვილმა განაცხადა, ამ ადგილზე „პანკისობა 2018“-ის გამართვა ადგილობრივებთან შეთანხმებული იყო და რომ სცოდნოდათ, ასეთ რეაქციას გამოიწვევდა, ღონისძიებებისთვის სხვა ადგილს შეარჩევდნენ.