პანკისის ხეობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პატრიარქთან შეხვედრაზე თავიანთი შეცდომები აღიარეს და გამოთქვეს მოთხოვნა, რომ შეწყდეს გამოძიებაც
პანკისის ხეობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პატრიარქთან შეხვედრაზე თავიანთი შეცდომები აღიარეს და გამოთქვეს მოთხოვნა, რომ შეწყდეს გამოძიებაც

პატრიარქის პასუხი იყო, „ყველაფერი კარგად იქნება”. პატრიარქმა მოგვცა კურთხევა, რომ ჩვენ, პანკისში მცხოვრებს ადამიანებს დღეს წარმოგვედგინა ჩვენი შეხედულება, თუ რა შეცდომა იყო დაშვებული ჩვენი მხრიდან და რა შეცდომა იქნა დაშვებული მთავრობის მხრიდან. დღეს ჩვენი წილი დაშვებული შეცდომა ვაღიარეთ, რადგან პანკისელები და ქართველები არ არიან ცალკე ხალხი. ჩვენ ვართ ერთი ხალხი, ერთი ქვეყნის შვილები, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „შერიგების ალამის” დამფუძნებელმა, თემურ ცათიაშვილმა ილია მეორესა და პანკისის ხეობის მცხოვრებლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ჩვენი წილი დაშვებული შეცდომა ვაღიარეთ, რადგან პანკისელები და ქართველები არ არიან ცალკე ხალხი, ჩვენ ვართ ერთი ხალხი, ერთი ქვეყნის შვილები. არ მოველოდით, იმდენად დიდი სითბო და სიყვარული იყო პატრიარქის მხრიდან წამოსული. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ გამოძიება იქნას შეჩერებული, რადგან ორივე მხრიდან იყო დაშვებული შეცდომები. საპატრიარქოს არა აქვს ამის შესაძლებლობები, მაგრამ პატრიარქმა მოგვცა კურთხევა, რათა მივმართოთ შესაბამის ორგანოებს და ეს დაწყებული გამოძიება იქნას შეჩერებული.  საუბარი გვაქვს ოთხასზე მეტ ადამიანზე, რომელთა შორის არიან ქალები, ბავშვები, ახალგაზრდები და მოხუცები. სამთავრობო სექტორთან ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს”, – განაცხადა ცათიაშვილმა.

შეხვედრის კიდევ ერთმა მონაწილემ, სათემო კავშირ „პანკისის კეთილდღეობისათვის” ხელმძღვანელმა, ნონა ხანგოშვილმა გამოთქვა კმაყოფილება პატრიარქთან შეხვედრის გამო.

„ჩვენ ძმები ვართ და არ შეიძლება, მსგავსი რამე ჩვენს შორის მოხდეს. არ უნდა დავუშვათ, რომ ხელი აღვმართოთ ერთმანეთზე. პატრიარქმა უფლება მოგვცა კურთხევით, რომ მივმართოთ მთავრობას წერილობით და აუცილებლად მივმართავთ. იყო ძალიან დიდი დანაშაული, რაც მოხდა ჩვენი მხრიდანაც. ეს უნდა ვაღიაროთ, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს და არ გამწვავდეს სიტუაცია. ამისათვის, აუცილებლად უნდა შეწყდეს გამოძიება”, – განაცხადა ნონა ხანგოშვილმა.