პანკისის ხეობის მოსახლეობამ აქცია გამართა და მოითხოვა, ტერორიზმის ხელშეწყობისთვის მსჯავრდებულ პირებს ამნისტია შეეხოთ
პანკისის ხეობის მოსახლეობამ სოფელ დუისში აქცია გამართა. შეიკრებილებმა საქართველოს პარლამენტს თხოვნით მიმართეს, ამნისტიის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები შეეხოთ იმ პატიმრებსაც, რომლებიც სასჯელს ტერორიზმის ხელშეწყობისთვის იხდიან.
აქციაში მონაწილეობდნენ ხეობის უხუცესები. მათი განცხადებით, დაკავებულებს საქართველოს საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში უხუცესები და მოსახლეობა მათ არ დაიცავდნენ.
საუბარია ახმედ ჩატაევის საქართველოში შემოყვანის ხელშეწყობისა და სირიაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულ ხუთ პირზე, რომლებსაც 10-12 წლიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული და სამი წელია, სასჯელს იხდიან.
,,თხოვნა გვაქვს პარლამენტთან, რაკი ასეთი ჰუმანურობით შეუდგა მუშაობას, ბარემ ამ ახალგაზრდებსაც შეეხოთ ამნისტია. ჩვენ არ ვამბობთ, რომ მთლიანად გათავისუფლდნენ, მაგრამ თუ შეიძლება, რომ შეღავათი გაკეთდეს ვადებთან დაკავშირებით”, – განაცხადა პანკისის ხეობის უხუცესმა, ხასო ხანგოშვილმა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პარლამეტის მიერ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამდე, ხეობაში ხელმოწერებს შეგროვებენ და მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილს შუამდგომლობისთვის მიმართავენ.