პანკისის ხეობის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით ადგილობრივების დაკავებას არ დაუშვებენ

პანკისის ხეობის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ, გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით ადგილობრივების დაკავებას.

როგორც პირველ არხს ადგილობრივებმა განუცხადეს, ისინი თავიანთი სოფლის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

„თუ ვინმეს დაიჭერენ, ხეობა ადგება მისი გულისთვის. ერთი კაციც რომ წაიყვანონ, არ დავუშვებთ ხალხის დაჩაგვრას“, – განაცხადა ადგილობრივმა, რამაზ მარგოშვილმა.

ამასთან, მოსახლეობის ნაწილი ამ წუთებში სოფელ ბირკიანშია შეკრებილი და გუშინ განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობს.

ისინი აცხადებს, რომ ჩამოყალიბდნენ სამომავლო გეგმებზე, თუმცა სოფელში ჰესის მშენებლობას მხარს არ დაუჭერენ.

მათი თქმით, გასულ წლებში ამ ხეობაში უკვე არის აშენებული რამდენიმე ჰესი, ამიტომ სოფელთან ახლოს ჰესის აშენების აუცილებლობას ვერ ხედავენ.

პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის გუშინ დაპირისპირება ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომლებიც აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.

გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველია.

სოფელ ბირკიანში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.

პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.