პანკისის ხეობაში თარხან ბათირაშვილის ძმის, თამაზ ბათირაშვილის სირიაში გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ
პანკისის ხეობაში თარხან ბათირაშვილის ძმის, თამაზ ბათირაშვილის სირიაში გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ

პანკისის ხეობაში ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ ომარ ალ შიშანის ძმა თამაზ ბათირაშვილი სირიაში გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლის განცხადებით, თამაზ ბათირაშვილი სირიაში რამდენიმე წლის წინ წავიდა. არსებული ინფორმაციით, ის „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა რიგებში იყო. 36 წლის თამაზ ბათირაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდანაა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ხეობაში დღეს, საღამოს გავრცელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, „ისლამურ სახელმწიფოში“ თარხან ბათირაშვილის უფროსი ძმა თამაზ ბათირაშვილი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად ითვლებოდა. ის დაზვერვასა და კონტრდაზვერვაზე, ასევე იმ ციხეებზე იყო პასუხისმგებელი, რომლებიც ჯიჰადისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მდებარეობს. მას დიდი საბრძოლო გამოცდილება ჩეჩნეთის ომში ჰქონდა მიღებული.

თამაზ ბათირაშვილი 25-ე პანკისელი ახალგაზრდაა, რომლის გარდაცვალების შესახებაც ინფორმაცია გავრცელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილი ერაყში 2016 წელს მოკლეს.