პანდემიისას დაჯარიმებული პირების ჯარიმებისგან გათავისუფლებაზე ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, დაჩქარებული წესით განიხილავენ კოვიდპანდემიისას დასანქცირებული პირების ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ ინიციატივა მთავრობას ამ ეტაპზე უკან დაუბრუნდება. პაპუაშვილის თქმით, სისხლის სამართლებრივი ამნისტია არის ერთჯერადი აქტი, ამიტომ ის არა ცვლილების სახით, არამედ ცალკე კანონად უნდა იქნეს მიღებული. შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ მთავრობა სისხლის სამართლებრივი ამნისტიის საკითხს სწორედ დამოუკიდებელ კანონად დააინიცირებს.
„ინიციატივა შედგებოდა ორი პროექტისგან, ერთი ეხებოდა ადმინისტრაციულ სახდელებს, ჯარიმებს და მეორე ამნისტიის შესახებ ძველ კანონში ცვლილებას, რომელიც კოვიდპანდემიას ეხებოდა. სისხლის სამართლებრივი ამნისტია არის ერთჯერადი აქტი, ცალკე კანონად უნდა იქნეს მიღებული და არა ცვლილების სახით. აქედან გამომდინარე, ჩვენს აპარატს ჰქონდა კონსულტაცია მთავრობის ადმინისტრაციასთან. ჩვენ ამას დავაბრუნებთ და შემოვა, როგორც ცალკე კანონი და არა ცვლილება კანონში. იმას განვიხილავთ შემდეგ უკვე ჩვეულებრივი წესით. შესაბამისად, ჩვენ ახლა დაჩქარებული წესით განსახილველად დაგვრჩება ჯარიმების ნაწილი. სისხლისსამართლებრივი ამნისტიის საკითხი ამ ეტაპზე მთავრობას უკან დაუბრუნდება და დააინიცირებენ უკვე ცალკე, დამოუკიდებელ კანონად და არა ცვლილებად“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.