„პალიტრამედიას“ სტამბაში (შპს “კოლორპაკი”) მთავარი პროკურატურა შევიდა.
როგორც „პალიტრამედიას“ განცხადებაშია აღნიშნული, მთავარი პროკურატურის გამომძიებლებმა მოითხოვეს 01.01.14-დან 11.09.18-ის ჩათვლით სრული სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსური და ეკონომიკური დოკუმენტაცია (დედანი) და საწარმოს ამავე პერიოდის კორესპონდენცია (დედანი).
“პალიტრამედია” აცხადებს: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის გაუგებარია, რას ემსახურება და რა აუცილებლობით არის განპირობებული კომპანიიდან დოკუმენტაციის ძირფესვიანად ამოღება; მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს უფლება ზ.ა. განჩინება გავასაჩივროთ სააპელაციო სასამართლოში, გადავწყვიტეთ გასაჩივრების და გართულების გარეშე გადავცეთ პროკურატურას მოთხოვნილი მონაცემები, ვინაიდან როგორც წლების წინ, წინა ხელისუფლების პერიოდში 2011 წელს, “პალიტრამედიას” ტოტალური შემოწმებისას ვიყავით დარწმუნებული ჩვენი საქმიანობის გამჭვირვალობაში (რაც მაშინ, შემოწმების შედეგებმაც დაადასტურა), ახლაც ზუსტად ისევე ვართ საკუთარი ქმედებების კანონიერებასა და გამჭვირვალობაში დარწმუნებული.
ამავე დროს, გვსურს განვაცხადოთ, რომ ყველა დოკუმენტის დედანი გადაეცემა პროკურატურას მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენს მიერ, უახლოეს დღეებში გაკეთდება მათი ასლები და მოხდება თითოეულის ნოტარიული დამოწმება.
“პალიტრამედია” ყურადღებით დააკვირდება ამ პროცესს და მაქსიმალურად სრულად და გამჭვირვალედ ვაცნობებთ საზოგადოებას საქმის განვითარების ყოველი ახალი დეტალის შესახებ”, – აღნიშნულია „პალიტრამედიის“ განცხადებაში.