პალესტინისადმი სოლიდარობის ნიშნად, თურქეთმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა
ღაზას სექტორის საზღვარზე, ისრაელის სამხედროებთან შეტაკებისას დაღუპული პალესტინელების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, თურქეთმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
სააგენტო Anadolu-ს ცნობით, ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრემიერმა ბექირ ბოზდაგმა განაცხადა. თურქი მაღალჩინოსნის თქმით, იერუსალიმში საელჩოს გახსნით, აშშ-მა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია დაარღვია.
„ეს დღე ისტორიაში შევა როგორც „სისხლიანი ორშაბათი“ მუსლიმებისთვის და ისლამური ქვეყნებისთვის“, – განაცხადა ბოზდაგმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, თურქეთმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის რიგგარეშე სხდომა მოიწვია, რომელიც 18 მაისს გაიმართება.
„იერუსალიმის ისტორიული და სასულიერო სტატუსი არასდროს შეიცვლება. როგორც ადრე, იერუსალიმი მომავალშიც დარჩება დამოუკიდებელი პალესტინის დედაქალაქად“,- აღნიშნა ბოზდაგმა.
ღაზას სექტორის საზღვართან მომხდარის გამო თურქეთმა ისრაელიდან და აშშ-დან კოსნულტაციებისთვის ელჩები გაიწვია.
იერუსალიმში, 14 მაისს აშშ-ის საელჩოს გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ღაზას სექტორის საზღვართან ათასობით პალესტინელი შეიკრიბა. აშშ-ის დიპლომატიური მისიის თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა. ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა პალესტინელებს ცეცხლი გაუხსნეს. პალესტინური ავტონომიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მოკლულია 59 ადამიანი, მათ შორის მოზარდები. დაშავებულთა რიცხვი 2 700-ს აღემატება, მათგან 130 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.