პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირის მინისტრებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოითხოვონ
პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრის, რიად ალ-მალიკის განცხადებით, ევროკავშირის მინისტრებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოითხოვონ.
ამის შესახებ მან ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
პალესტინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნებმა უნდა დაგმონ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის უარყოფა.
„ჩვენ ერთობლივად უნდა გვქონდეს მოწოდება ცეცხლის შეწყვეტისკენ. ჩვენ არ შეგვიძლია, ვიყოყმანოთ ამის თაობაზე. ყოველდღე, როცა ვყოყმანობთ, კლავენ უდანაშაულო ადამიანებს, ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს. ეს მიუღებელია. მე ვეტყვი ამას ძალიან ღიად, ძალიან მკაფიოდ ჩემს ევროპელ კოლეგებს: ველი თქვენგან, რომ გააკეთოთ მოწოდება ცეცხლის შეწყვეტისკენ. ველი თქვენგან, რომ დაგმოთ განცხადება, რომელიც გააკეთა ნეთანიაჰუმ”, – განაცხადა რიად ალ-მალიკიმ.
მისივე თქმით, ევროპელი კოლეგებისგან ის ასევე ელის სანქციების განხილვას ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ.
მანამდე ევროკავშირის მინისტრები შეხვდნენ ისრაელის საგარეო უწყების წარმომადგენელს, რომელმაც განაცხადა, რომ ისრაელის მთავარი პრიორიტეტი მძევლების დაბრუნებაა.