22 იანვარს პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი ბრიუსელს ეწვევა. მაჰმუდ აბასი ბელგიის დედაქალაქში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინის შეხვდება.
შეხვედრის შემდეგ, დაგეგმილია მოგერინის და აბასის ერთობლივი პრესკონფერენცია მედიასთან. პალესტინის ლიდერს შეხვდებიან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებიც.
ბრიუსელში მაჰმუდ აბასის შეხვედრებთან დაკავშირებით პირველი ინფორმაცია გასული წლის ბოლოს გავრცელდა, როდესაც ევროპულ საბჭოში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაუს უმასპინძლეს.
მაჰმუდ აბასი ბრიუსელში 2016 წლის ივნისში იმყოფებოდა. მის ვიზიტს დაემთხვა ბრიუსელში პალესტინის ახალი წარმომადგენლობის გახსნა, სადაც პალესტინის დროშა დელეგაციის წევრებთან ერთად მაჰმუდ აბასმა აღმართა.
აბასი ბრიუსელში იმყოფებოდა 2017 წლის მარტშიც. პალესტინის ლიდერი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანიმ მიიღო. 22 იანვარს დაგეგმილ შეხვედრაზე ევროკავშირის წარმომადგენლები სტუმრად მყოფ პალესტინის ლიდერთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტის მიერი გასულ წელს მიღებულ გადაწყვეტილებაზეც იმსჯელებენ.
„დროა, ოფიციალურად ვაღიაროთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად. ამ დაპირებას იძლეოდნენ წინა პრეზიდენტები და მათ ეს ვერ შეძლეს. დღეს მე ვიღებ ამ გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება აშშ-ის საუკეთესო ინტერესების მიხედვით გამოვიტანე ისრაელ-პალესტინას შორის სამშვიდობო პროცესის წარმართვისთვის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა 2017 წლის 6 დეკემბერს, როცა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.
ამ განცხადებიდან ერთ კვირაში, ისრაელის მთავრობის მეთაურმა ბრიუსელში შეხვედრები გამართა.
„ჩვენ გვაქვს ნათელი, ერთიანი და მკაფიო პოზიცია. გვჯერა, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის ერთადერთი რეალისტური გადაწყვეტა დაფუძნებულია ორი სახელმწიფოს არსებობის პრინციპზე. იერუსალიმი უნდა იყოს, როგორც ისრაელის, ასევე პალესტინის დედაქალაქი“, – აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ.