პალესტინის ავტონომიური მთავრობის ლიდერი მაჰმუდ აბასი გაერო-ს მოუწოდებს, პალესტინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სრულუფლებიან წევრად მიიღოს. აბასმა განაცხადა, რომ პალესტინელები ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართავენ.
მაჰმუდ აბასის ეს მოწოდება 6 დეკემბერს დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გადაწყვეტილებას მოჰყვა. 1947 წელს გაერომ იერუსალიმს Corpus Separatum-ის, იგივე გაყოფილი ერთეულის სტატუსი მიანიჭა. ისრაელის სახელმწიფოს შექმნისას, გაერო-ს 181-ე რეზოლუციაში ერთ ტერიტორიაზე ორი სახელმწიფოს მოდელის არსებობა ჩაიწერა. იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილს, სადაც 300 ათასი პალესტინელი ცხოვრობს, არაბულ სამყაროში პალესტინის მომავალ დედაქალაქად განიხილება. დონალდ ტრამპის ზემოთ ხსენებულმა გადაწყვეტილებამ არაბულ სამყაროში მწვავე რეაქცია გამოიწვია.
ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება ევროკავშირსა და გაერო-ში გააკრიტიკეს.
დღეს პალესტინას გაერო-ში არაწევრი დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი აქვს მინიჭებული. პალესტინის დროშა ნიუ-იორკში მდებარე გაერო-ს შტაბ-ბინის ეზოში 2015 წლის სექტემბერში პირველად აღმართეს.
2012 წელს გაერო-ს უშიშროების საბჭოში ჩატარებული კენჭისყრის დროს პალესტინისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭებას 138-მა სახელმწიფომ (მათ შორის საქართველომ) დაუჭირა მხარი, 9 – წინააღმდეგი იყო, ხოლო 41-მა თავი შეიკავა.