პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერი მაჰმუდ აბასი ხვალ თურქეთის პარლამენტს სიტყვით მიმართავს
პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერი მაჰმუდ აბასი ხვალ თურქეთის პარლამენტს საგანგებო სხდომაზე სიტყვით მიმართავს, – ამის შესახებ „ანადოლუ“ წერს. მედიის ცნობით, სიტყვით გამოსვლისას აბასი ყურადღებას გაამახვილებს პალესტინის ტერიტორიებზე ისრაელის თავდასხმებზე, განსაკუთრებით, ღაზის სექტორში.
როგორც „ანადოლუ“ წერს, სხდომას დაესწრება თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც მხარდაჭერას გამოუცხადებს პალესტინას.
სიტყვით გამოსვლამდე პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერი შეხვდება თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და პარლამენტის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუსს. ქურთულმუსის თქმით, რიგგარეშე სესიის მიზანია, აჩვენოს თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა პალესტინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოს, რომ პალესტინელი ხალხის ხმა მსოფლიომ გაიგოს.