პალესტინის ადმინისტრაციამ ისრაელთან დადებული ოსლოს შეთანხმება გააუქმა
პალესტინის ადმინისტრაციამ ისრაელთან დადებული ოსლოს შეთანხმება გააუქმა

პალესტინის ადმინისტრაციამ ისრაელთან 1995 წელს დადებული ოსლოს შეთანხმება გააუქმა.

პალესტინის ადმინისტრაციის სამოქალაქო საქმეთა მინისტრმა, ჰუსეინ ალ-შეიხმა, ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“-სთან ინტერვიუში თქვა, რომ გადაწყვეტილების შესახებ ისრაელი უკვე ინფორმირებულია.

პალესტინის ადმინისტრაცია იმედს გამოთქვამს, რომ არაბული და მუსლიმური ქვეყნები სწორედ პალესტინის პოზიციას დაუჭერენ მხარს.

პალესტინის ადმინისტრაციის თხოვნით, არაბული ლიგა პირველ თებერვალს მინისტრების დონეზე საგანგებო შეხვედრას გამართავს და დონალდ ტრამპის ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმაზე იმსჯელებს.

ისრაელს და პალესტინის ადმინისტრაციას შორის დადებული ოსლოს შეთანხმება, „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის“ მიერ ისრაელის სახელმწიფოს აღიარებას და ისრაელის მიერ „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის“, როგორც პალესტინელი ხალხის ოფიციალურ წარმომადგენლად აღიარებას ითვალისწინებდა. შეთანხმების მიხედვით, დასავლეთ ნაპირი და აღმოსავლეთ იერუსალიმი სამ, „ეი“, „ბი“ და „სი“ ნაწილებად იყოფოდა.

„სი“ ზონაში ამჟამად 300 000 პალესტინელი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობა ბედუინია. აღნიშნული მოსახლეობის ძირითადი საცხოვრებელი კარვები, ქარავნები და გამოქვაბულებია.

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის ახალშენებს საერთაშორისო საზოგადოება უკანონოდ მიიჩნევს.