პალესტინელი პატიმრის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით, ისრაელის სამხედრო პოლიციამ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები დააკავა
პალესტინელი პატიმრის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით, ისრაელის სამხედრო პოლიციამ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები დააკავა.
ისრაელელი ჯარისკაცები კემპ გურის სამხედრო სასამართლოში წარდგებიან.
ეჭვმიტანილები სამხედრო გამომძიებლებმა დაკითხეს და მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ პატიმრობაში.
სამხრეთ ისრაელში, ქალაქ ბერშებასთან, სდე თეიმანის ციხეში თვეების განმავლობაში ვრცელდებოდა ღაზაში დაკავებულების წინააღმდეგ სერიოზული ძალადობის შესახებ ცნობები.
პალესტინელი პატიმრის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულია ცხრა ჯარისკაცი. ძალადობის შედეგად პალესტინელი პატიმარი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ჯარისკაცების დაკავების შემდეგ ისრაელის ულტრამემარჯვენე დემონსტრანტები ჯარისკაცების მხარდასაჭერად სამხედრო ბაზაზე შეიჭრნენ.
ისრაელის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ სდე თეიმანში შეჭრა არის „უკიდურესად სერიოზული და კანონის საწინააღმდეგო“.
„ჩვენ ომის შუაგულში ვართ და ამ ტიპის ქმედებები საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს უსაფრთხოებას. მე მკაცრად ვგმობ ინციდენტს და ჩვენ ვმუშაობთ ბაზაზე წესრიგის აღსადგენად“, – განაცხადა ისრაელელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ჯარისკაცების ქცევის გამოძიება უნდა გაგრძელდეს და „სიბრაზის დროსაც კი კანონი ვრცელდება ყველას მიმართ“.
თუმცა ზოგიერთმა ისრაელელმა პოლიტიკოსმა დაგმო რეზერვისტების დაკავება. ეროვნული უსაფრთხოების ულტრამემარჯვენე მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა ჯარისკაცების დაკავებას „სამარცხვინო“ უწოდა.