პალესტინაში, თურქეთსა და იორდანიაში აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება გააპროტესტეს
პალესტინაში, თურქეთსა და იორდანიაში აშშ-ის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები გაიმართა. არაბულ სახელმწიფოებში დემონსტრაციების ჩატარების მიზეზი აშშ-ის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება გახდა.
ღაზას სექტორში შეკრებილმა ახალგაზრდებმა აშშ-ის დროშები დაწვეს.
„ტრამპის გადაწყვეტილება ჯოჯოხეთის კარის გაღებას ნიშნავს. სიკვდილი აშშ-ს, სიკვდილი ისრაელს, ძირს ტრამპი – განაცხადა მოძრაობა „ჰამასის“ ლიდერმა, ისმაილ რადვანმა.
აშშ-ის პრეზიდენტის სურათები დაწვეს მდ. იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ქალქილიაში გამართული აქციის დროს. თურქეთის ქალაქ სტამბოლში ასობით ადამიანმა აშშ-ის საკონსულოს სხვადასხვა საგნები ესროლეს და ტრამპის საწინააღმდეგო სლოგანებს სკანდირებდნენ.
საპროტესტო აქცია გაიმართა ანკარაში აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზეც, ასევე 15-ზე მეტ პროვინციაში. აშშ-ის გადაწყვეტილება მასშტაბური აქციებით გააპროტესტეს იორდანიის დედაქალაქ ამანსა და პალესტინელი ლტოლვილების ბანაკებში.