ქვა პალესტინაში ბრძოლის, სიკვდილისა და ამავდროულად, თავისუფლების სიმბოლოა. ქვების ომი, იგივე ინტიფადა პალესტინის ტერიტორიაზე 1991 წელს დასრულდა, კვალად კი 2300-ზე მეტი ცხედარი დატოვა.
ომის დასრულებიდან ორ წელიწადში ხელი მოეწერა ოსლოს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც პალესტინას ავტონომიის სტატუსი მიენიჭა. სწორედ ინტიფადას, იგივე ქვების ომის დასრულების შემდეგ პალესტინის ქალაქებში ქვის კედლებზე გრაფიტები გამოჩნდა, რომელიც მალე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში სუბკულტურად იქცა. ყველა ნახატი ომის და პალესტინელი ხალხის ისტორიას ასახავდა.თუ ვინმე პალესტინელი ლტოლვილების, იძულებით გადაადგილებული პირების, სიღატაკის, თავისუფლებისთვის ბრძოლისა და პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ დაინტერესდება, ისტორიებს კედლები უამბობენ.
ბოლო 15 წელიწადში 708 კმ.-ზე გადაჭიმული კედელი, რომელიც 2000-იან წლებში, მეორე ინტიფადას დროს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის ბრძანებით აშენდა, პალესტინელებმა გრაფიტებით მოხატეს. დროთა განმავლობაში ისტორიული მოვლენები სწორედ ამ კედლის ნაწილი ხდებოდა. 2017 წლის აგვისტოში ბეთლემში აღმართულ კედელზე აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გრაფიტიც გამოსახეს. ტრამპმა რამდენიმე თვით ადრე პირობა დადო, რომ მზად არის, ისრაელი-პალესტინის 70-წლოვანი კონფლიქტი დაასრულოს. 2017 წლის 6 დეკემბერს კი, როცა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, მისი გრაფიტი შავი საღებავით დაგაღებეს და წითელი ასოებით დააწერეს: “You are not welcome!”