პაკისტანში ულტრა მემარჯვენე სასულიერო პირის დაკავების გამო რამდენიმე ქალაქში დემონსტრაციები გაიმართა
პაკისტანში ულტრა მემარჯვენე სასულიერო პირის დაკავების გამო რამდენიმე ქალაქში დემონსტრაციები გაიმართა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
ხადიმ ჰუსეინ რიზვის მხარდამჭერები ხელისუფლებისგან ღვთის გმობასთან დაკავშირებით არსებული კანონის გამკაცრებას ითხოვდნენ. აქტივისტები ერთდროულად რამდენიმე ქალაქში, მათ შორის კარაჩიში შეიკრიბნენ, სადაც აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებაც მოხდა.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აქტივისტები პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნებს ისვროდნენ. სამართალდამცველებმა კი მათ გასანეიტრალებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
როგორც ცნობილია, სასულიერო პირის დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ხადიმ ჰუსეინ რიზვიმ დაპატიმრების შემთვევაში საკუთარ მხარდამჭერებს დემონსტრაციების გამართვისკენ მოუწოდა.
რამდენიმე საათში კი მისმა შვილმა განაცხადა, რომ ლაჰორიში მდებარე სულიერო სასწავლებელში, მედრესეში სპეცოპერაცია ჩატარდა. რა დროსაც სამართალდამცველებმა ჰუსეინ რიზვი დააკავეს.
პაკისტანში აზია ბიბის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამართულ მასშტაბურ დემონსტრაციებს სწორედ ხადიმ ჰუსეინ რიზვი ედგა სათავეში.
შეგახსენებთ, ქრისტიანი აზია ბიბი, რომელსაც ღვთის გმობის გამო სასიკვდილო განაჩენი ჰქონდა გამოტანილი ცოტა ხნის წინ გაამართლეს და გაათავისუფლეს. ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები არადამაჯერებლად ჩათვალა. სასამართლოს გადაწყვეტილებას კი ქვეყანაში საყოველთაო მღელვარება მოჰყვა.